“საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ეუთო/ოდირის სასამართლო სხდომაზე არ დაშვების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ “მედიის განდევნა სასამართლო სხდომებიდან შემთხვევითი არ იყო”.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი პროცესების საჯაროობის დახურვას ემსახურება.
“ჯერ არ ყოფილა ესეთი პრეცედენტი, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც, დახურულიყო სხდომები მედიისთვისო ამბობენ და მაშინაც კი იყო დაშვებული მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეუთო/ოდირის მხრიდან…
ჩვენც [სახალხო დამცველობის დროს] მოვიწვიეთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე მონიტორინგის დროს. ეს მიანიშნებს იმას, რომ მედიის განდევნა სასამართლო სხდომებიდან შემთხვევითი არ იყო და ეს ემსახურება პროცესების საჯაროობის დახურვას იმიტომ, რომ ისეთი გადაწყვეტილებების კასკადი მიიღეს, რაც რეალურად ამცირებს იქ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას, როგორც მედიისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ეს კიდევ უფრო ცუდად იმოქმედებს, ყველა საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში,” – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, პატიმრების საქმეებზე “ოცნება” ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.