სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“, ე.წ ნეიტრალურ ზონაში, სადაც რუსეთიდან დეპორტირებული 90-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება, უკრაინის ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა – ყელი გაიჭრა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ბუფერულ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას ვიდეოკადრებიც მიაწოდეს, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე მათგანი გამშვები პუნქტის საზოგადოებრივი სივრცეში იმყოფება და პოლიციის თანამშრომლებისგან ცდილობს პასუხის მიღებას, როდემდე უნდა იყვნენ “გაუსაძლის პირობებში” და როდის მიეცემათ საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.
გამოცემის ცნობით, მათი ნაწილი ითხოვს უფლებას, რომ სომხეთში გადავიდნენ ან საზღვაო გზით დატოვონ ქვეყანა.
ისინი ამბობენ, რომ სარდაფის ტიპის სივრცეში, სადაც თითქმის ერთი თვეა იმყოფებიან, არაადამიანური პირობებია, დასაწოლი ადგილებიც კი არაა საკმარისი, ხელი არ მიუწვდებათ ნორმალურ საკვებზე, ადგილზე მყოფთა ნაწილს კი ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება.