საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაეუფლნენ.“
„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ., რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფო თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე.
დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, პირადი ინტერესებისთვის.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა“, – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაია.