გონიოში, კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანაძე დაიღუპა.
გუშინ ის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს.
„ოთო მშენებლობაზე დიდი ხანია, მუშაობდა. ეს ბიჭი ისეთი ფრთხილი იყო, საქმე კარგად იცოდა. რა მოხდა იქ არავინ იცის. ალბათ შენობის პრობლემაა არ ვიცი. სულ გვიყვებოდა, როგორ აწყობდა თითო ინსტრუქციას და ვერ ვხვდები როგორ დაემართა ეს. არ მგონია, მისი შეცდომა იყოს. მეუღლე და პატარა შვილი დარჩა. ცოლი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს, გაბრუებულია. საშინელება ხდება. ძალიან მაგარი ბიჭი იყო, ბევრი გეგმა ჰქონდა, მიზანდასახული იყო ძალიან. განსხვავებული პიროვნება იყო ძალიან. თბილი და ყველასთვის კარგი ადამიანი. არ ვიცი მისი პატარა მამის გარეშე როგორ გაძლებს“, – უყვება AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, არსებული ცნობებით, ოთო დეკანაძე, კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.