“ვაგზლის მოედანზე” შენობის ნგრევის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილი 40 წლის დათო ბართაიაა. დავით ბართია იმ დღეს დასთან ერთად ბაზარში ხორცის საყიდლად მიდიოდა, როცა ნანგრევებში მოყვა.მისი დანაწევრებული ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, მისი და კი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი.
Ambebi-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი, 40 წლის დათო ბართაიაა, სამეგრელოს სოფელ ბალდიდან. არსებული ინფორმაციით, შენობის ნაწილის ჩამონგრევის დროს იქვე იყო ბართაიას დაც, რომელიც გადარჩა.
“ერთ-ერთი, ვინც ვაგზალზე, ბეტონის ქვეშ მოყვა, 40 წლის დათო ბართაიაა, სამეგრელოდან, სოფელი ბალდიდან. უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა. დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თურმე თავს. მხოლოდ და ჰყოლია, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იყო. საბედნიეროდ ის გადარჩა”, – წერს სოციალურ ქსელში სალომე სიმონია.
ცნობისთვის, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ტრაგედია 14 ივლისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა.