ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება.
კერძოდ, კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში გადაეცა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს.
“საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, უვიზო მოგზაურობის რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლიდან გვაქვს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და, შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში. ამას მთლიანად არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ აღვნიშნავ რაღაცებს.
მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს – უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა – ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა – როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონრი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე.
ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია. თუ ეს რაღაცეები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა – ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს – ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”, – განაცხადა კალასმა.