თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.
„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი, რაც ძალიან გვიხარია. მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ვრცელდება ვერსია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა და მან წერილი დატოვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინი დააკავეს, რომელიც 30 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.