აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია, ტრამვულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ვრცელდება ვერსია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა და მან წერილი დატოვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული.