“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პარანოია ჭირს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრები “ისეთ უბედურ დღეში არიან, მიხვდნენ, რომ [ივანიშვილმა] გაუჭუილა”.
“როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს რიჟვაძისადმი, ის ახლა სიკვდილს ებრძვის, სიცოცხლისთვის იბრძვის, მაინც ახალგაზრდა კაცია, რაც არ უნდა ვთქვათ და მაინც ქართველია, საქართველოს მოქალაქეა და ვუსურვებ გადარჩენას ფიზიკურად მას და მის ოჯახს. ვუსურვებ, რომ ცოცხალი იყოს და ვუსურვებ, რომ ჯანმრთელად იყოს.
თუმცა როგორც კი ჯანმრთელად იქნება და ვუსურვებ მართლა გულით, რომ გამოჯანმრთელდეს და გადარჩეს, ის აუცილებლად უნდა წარსდგეს, ამ ხელისუფლებას რომ გავყრით და წესიერი სასამართლო გვექნება, სანდო სასამართლო, ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა წარუდგინოს მოპარული მილიონები, უნდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს.
ერთმა კაცმა 300 მილიონი მოიპარა წარმოგიდგენიათ? რა ხელფასიდან დააგროვა 300 მილიონი? რამდენი ჰქონდა ხელფასი?
[…]
დააკლდა [ივანიშვილს] ფულები და გაშმაგებულია ახლა. პარანოია ჭირს როგორც ჩანს. დარწმუნებული ვარ, დღეს, ისეთ უბედურ დღეში არიან “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ამ კაცმა [ივანიშვილმა] გაუჭუილა,” – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ვრცელდება ვერსია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა და მან წერილი დატოვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული.