უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას მან დონალდ ტრამპსა დაამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისივე თქმით, მხარეებმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ცის დაცვის გასაძლიერებლად.
ტრამპთან ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე.
ჩვენ – უკრაინაში – მადლიერები ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება დავიცვათ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა შეწყდეს მკვლელობები და აღდგეს სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობა. საჭიროა კეთილშობილური შეთანხმება მშვიდობისთვის.
დღეს განვიხილეთ არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის საჰაერო დარტყმები და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე შევთანხმდით ჩვენს გუნდებს შორის შეხვედრაზე.
ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და ერთობლივ წარმოებაზე. ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დრონებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ეხება.
ჩვენ ასევე შევეხეთ ორმხრივ შესყიდვებსა და ინვესტიციებს. და ბოლოს, გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ სიტუაციასა და აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაზე.
გმადლობთ!” – წერს ზელენსკი.