750 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი Covid არაპროპორციულად მოქმედებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, თუმცა ბევრი მათგანი დიაგნოზის გარეშე რჩება. ეს მდგომარეობა კვლავ ტვირთად აწვება ინდივიდებსა და საზოგადოებას, რაც მოითხოვს უკეთეს პრევენციასა და მოვლის სტრატეგიების შემუშავებას.
მკვლევრების თქმით, ინგლისში მილიონობით ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ხანგრძლივი Covid-ით ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ აქვს.
ეჭვები
“ინგლისში თითქმის ათიდან ერთი ადამიანი (9.1%) ეჭვობს, რომ შესაძლოა, ხანგრძლივი კოვიდი ჰქონდეს”, — ნათქვამია საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
გამოკითხულთა 4.8%-მა განაცხადა, რომ ხანგრძლივი კოვიდი ჰქონდა. უფრო მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა სოციალურად დაუცველ ფენებში.
კვლევა, რომელიც (18 მარტს) ჟურნალ Health Expectations-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს მიმდინარე უთანასწორობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ხანგრძლივი Covid-19 სხვადასხვა პოპულაციაზე.
ხანგრძლივი კოვიდის უსამართლო ტვირთი
პროფესორმა ნისრინ ა.ალვანმა, ხანგრძლივი კოვიდის წამყვანმა მკვლევარმა და კვლევის თანაავტორმა, ხაზი გაუსვა ამ მდგომარეობის არაპროპორციულ ეფექტს.
“ეს ანალიზი კიდევ უფრო ადასტურებს ხანგრძლივი კოვიდის ‘უსამართლობას’, რადგან ისედაც არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უფრო მეტად ინფიცირდებიან”, — ამბობს ნასირი.
მისი თქმით, ხანგრძლივი კოვიდი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებზე, ეკონომიკასა და ფართო საზოგადოებაზე.
ფართოდ გავრცელებული, თუმცა გაურკვეველი მდგომარეობა
ხანგრძლივი კოვიდი COVID-19-ის ინფექციით გამოწვეული ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სიმპტომები, სხვა მრავალთან ერთად, მოიცავს დაღლილობას, ქოშინის შეგრძნებას, გონების დაბინდვასა და გულის აჩქარებას.
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააანალიზეს 2023 წლის, ოჯახის ექიმების პაციენტთა გამოკითხვაში (ინგლისი) გამოქვეყნებული 750 000-ზე მეტი დოკუმენტი, რათა შეესწავლათ ხანგრძლივი კოვიდის გავრცელება და მისი ეფექტები.
რატომ რჩება ზოგიერთი ადამიანი დიაგნოზის გარეშე
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 25 წლამდე ასაკის ადამიანები, კაცები, გარკვეული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ისინი, ვისაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, უფრო მეტად იყვნენ დარწმუნებულები, რომ ხანგრძლივი კოვიდი არ ჰქონდათ.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კაცები, როგორც წესი, ნაკლებად მიმართავენ ექიმს, ვიდრე ქალები.
“ჩვენ ძალიან გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ამდენ ადამიანს არ ჰქონდა წარმოდგენა, ხანგრძლივ კოვიდზე და მის ეფექტებზე”, — განაცხადა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა და კვლევის ავტორმა, მირემბ ვუდროუმ.
მეცნიერების თქმით, ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ადამიანი კვლავ დაუცველი დარჩება.