სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასწავლებელი და აქტივისტი, ნინო დათაშვილი პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.
PHR-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად, დათაშვილის მხრიდან “დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე სახელდება.
“სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, შეიცავს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან და აბსტრაქტულ მსჯელობას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არსებობს “დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თუმცა, აღნიშნულ საფრთხეებს ფაქტობრივი გარემოებებით ვერცერთი ინსტანცია ადასტურებს.
სააპელაციო საჩივარში PHR-მა მიუთითა ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებდა, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არ არსებობდა “დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იყო უკანონო .
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან იმდენად მაღალია მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამცირებს მითითებულ რისკებს და გავლენას ვერ ახდენს პატიმრობის მართლზომიერებაზე. კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საფრთხეებზე, განჩინებაში მითითებული არ არის.
PHR საჩივარში უთითებდა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად უდანაშაულო ქალი იმყოფებოდა პატიმრობაში. ასევე, PHR-მა მოითხოვა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რადგან სასამართლო პროცესზე, ნინოს თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ არ განმარტა მისთვის გირაოს გამოყენებაზე უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებზე არ მსჯელობს“, – წერია განცხადებაში.წქ