რადიო თბილისის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რადიოს ანგარიშები და ქონება დააყადაღეს.
რადიო “თბილისის” მთელ ქონებას ყადაღა დაედო – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რადიოსადგურის მფლობელი, რამაზ სამხარაძე წერს.
მანამდე სამხარაძემ დაწერა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 25 ივნისს მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო.
სამხარაძე ფინანსთა სამინისტროს ქმედებას მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს. მისივე თქმით, ინკასოს შეტყობინება მიიღო ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გაავრცელა კრიტიკული მიმართვა სოზარ სუბარის მისამართით.
“ეს არის აღიარებული დავალიანება, ჩვენ არ გვაქვს მილიონობით დავალიანება, ისე, როგორც სხვა სამაუწყებლო კომპანიებს და მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიას. მათი დავალიანება ახლა, ბოლო მონაცემებით, რაც ოფიციალურია, 57 მილიონს აჭარბებს და ჩვენ, რამდენიმე ათასზეა ლაპარაკი, რომელიც აღიარებულია და იცის ძალიან კარგად შემოსავლების სამსახურმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არასდროს და ჩვენ არ ვმუშაობთ, ასე ვთქვათ, ნაღდ ფულზე, ეს არის საბანკო გადარიცხვები, ყოველწლიური აუდიტი, ვაბარებთ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისიას და შემოსავლები ცნობილია.
ეს არის მთელი კონტექსტის ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოდის, მათ შორის ამ სამაუწყებლო კომპანიაზე არაერთი ზეწოლით, ჯერ კიდევ 2023 წლიდან, როდესაც შეტევა დაიწყო რადიოს Facebook გვერდზე, დაგვემუქრნენ ფიზიკური განადგურებით, სიტყვიერად მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ვიყავი პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგამოძიებო დეპარტამენტში, რომელიც ახლა დახურულია, მაგრამ არანაირი შედეგი, აბსოლუტურად არანაირი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტებს არ ჰქონია”, – განაცხადა მან ფორმულასთან.