მათე დევიძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციას სინდისის პატიმრის და, ელენე დევიძე შეუერთდა – ახალგაზრდამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ ციხეში მყოფი მათე დევიძის გზავნილი გადასცა.
“მათემ თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა. ძალიან უყვარხართ” – უთხრა ელენე დევიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც თბილისის ცენტრალურ გამზირზე ღამის გათენებას აპირებენ.
სიმართლეს ვიზეიმებთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ქართველები და საქართველო ამას იმსახურებს. მათემ თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა. ძალიან უყვარხართ, მეც ძალიან მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ყოველ დღეს, ყველა სიტუაციაში იბრძვით სიმართლის დასაცავად”. – განაცხადა ელენე დევიძემ.
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია.. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.