ირანელ აქტივისტ მოჰამად მაჰდი რაჰიმიანს ჯერ ირანის საელჩომ პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უთხრა უარი, შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. ის ამჟამად საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორში იმყოფება და ქვეყნიდან გაძევებას ელოდება. საქართველოში მას ცოლი და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
რაჰიმიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მოჰამად მაჰდი რაჰიმიანს და მის ოჯახს საქართველოში მიმართული ჰქონდათ თავშესაფრის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ ირანში ებრძოდა მოქმედ რეჟიმს, აქტიურად იყო ჩართული პროცესში, რის გამოც იქ ემუქრებოდათ საფრთხე. თუმცა, აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა როგორც მიგრაციის დეპარტამენტმა, ასევე სასამართლომ და მათ უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე.
ჩვენი ძირირათი პოზიცია ის არის, რომ ირანში პროტესტში ჩართულ ადამიანებს ემუქრება მკაცრი სანქციები და საფრთხე, მათი არაპროპორციული დასჯა. ამ მოტივით ვითხოვთ, რომ არ მოხდეს მათი გაძევება, – ამბობს ადვოკატი.
პასუხად შსს-ში განმარტავენ, რომ რაჰიმიანს თავშესაფრის მიღებაზე უარი კანონის სრული დაცვით ეთქვა, რადგან ის საქართველოში სამართლებრივი გზებით არ იმყოფებოდა. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაკავება და გაძევების გადაწყვეტილებაც მიღებული.
