ქალს, რომელსაც თემქაზე, N159 სკოლის წინ, ბოლო ზარის დღეს, უკვე სკოლადამთავრებული 19 წლის ბიჭი ავტომანქანით დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
43 წლის თეა გიორგაძე 5 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა. მისი შვილი ნათია ბიჩინაშვილი ჟურნალ “სარკესთან” იმ საბედისწერო დღის დეტალებს იხსენებს.
“ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ფეხის ამპუტაციას ვერ გადავურჩით. დედას მძიმე შოკი ჰქონდა. თავად უარზე იყო, რომ ფეხი მოეკვეთათ.
მე მომიწია დედასთან შესვლა, რომ დავლაპარაკებოდი. როგორც იცოდა ჩხუბი, ზუსტად ისე გამიბრაზდა. ვეხვეწე, დამთანხმებოდა, ფეხის მოკვეთაზე, მაგრამ უშედეგოდ… ბოლოს ხელწერილის დაწერა მე მომიწია, მისი გადაწყვეტილება არ არის ადეკვატური, სხვა სახის მკურნალობა სჭირდება-მეთქი.
მამაჩემს გულზე პრობლემები აქვს, ჩემი ძმა თავს იდანაშაულებდა, რადგან ეს ამბავი მის “ბოლო ზარზე” მოხდა.
მეც იმხელა შოკი მაქვს მიღებული… დედა თვალებში მიყურებდა, მანქანა რომ ეჯახებოდა. ერთი “დედას” დაძახება მოვასწარი და ჩემ თვალწინ მიასრისა ქალი. დღემდე არ ამომდის თვალებიდან მისი დაფლეთილი ფეხები და როგორ რეცხავდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის სისხლს.
ვინც დაეჯახა, ის ბიჭი, ცდილობდა, ადგილზე დაემუხრუჭებინა. პირდაპირ კი არ შემოვარდნილა, ცოტა მოშრებით იდგა მანქანით და ადგილზე ამუხრუჭებდა. რომ არ გამოუვიდა, დიდი სისწრაფის აკრეფით სცადა დამუხრუჭება, მაგრამ საჭე გაექცა. როგორც ამბობენ, მუხრუჭის მაგივრად, ისევ გაზს დააჭირა. შეიძლება დაიბნა… “ბე ემ ვე” იყო და მას ცოტა სხვანაირი მართა უნდა, საჭე ერთი თუ გაგექცა, მერე რთულია მისი მართვა.
ჩვენ გადახტომა მოვასწარით. დავიყვირე „დედა“, გამოიხედა ჩემკენ… ეს თვალები რომ მახსენდება, დღემდე შოკი მაქვს. თვალი თვალში გამისწორა, ერთი ფეხის გადმოდგმა მოასწრო და მიასრისა მანქანამ… ვიყვირე, გასწიე მანქანა-მეთქი. უკანსვლით გაიყვანა და ამ დროს დედა დაეცა… ფეხი ფაქტობრივად ცალკე ეგდო. დედაჩემი რომ არ მოტრიალებულიყო, მთლიანად გადაწყვეტდა წელში. ღმერთს მადლობას ვეუბნები, ასე მაინც რომ გადამირჩა… როგორც გავიგეთ, ამ ბიჭს სკოლაში თავისი ძმაკაცი უნდა დაეტოვებინა და მერე უნდა წასულიყო სამსახურში ანუ მისი “ბოლო ზარი” არ ყოფილა” – ამბობს ნათია ბიჩინაშვილი ჟურნალ “სარკესთან”.