კონკურენციის სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობა“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 848 276 ლარით დააჯარიმა.
კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2023 წელს რუსთავის ავტობაზრობაზე დაჯარიმებული კომპანიები (ტერიტორიის მფლობელი შპს „მიკადო ჯორჯია“ და მისი მოიჯარე შპს „რუსთავის ავტობაზრობა“, რომლებსაც ერთი მფლობელი ჰყავდათ) არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. საკვლევ პერიოდში კლიენტებისთვის იჯარის ფასი ორჯერ და მეტად გაიზარდა.
„აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოში რამდენიმე ავტობაზრობაა, თუმცა მათ შორის დომინანტური მდგომარეობა „რუსთავის ავტობაზრობას“ აქვს.