ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას შესაბამისად უპასუხებს – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს, რომლის თანახმადაც ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
“ღაზაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გენოციდის გამო, რომელმაც 70 000 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპარლამენტს ისრაელის წინააღმდეგ რაიმე რეალური ზომები არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია, ის თავისუფლად დაფრინავს ევროპის საჰაერო სივრცეში. ამისგან განსხვავებით, ირანში ძალადობრივი არეულობების მხოლოდ რამდენიმე დღე გახდა საკმარისი ევროპარლამენტისთვის, რომ ჩვენი დიპლომატების შესვლა აეკრძალა“ – წერს არაღჩი.
