გუშინ „დაფიონის“ facebook-გვერდზე პატიმრების სახელით გავრცელდა წერილი, რომელიც ხალხს მოუწოდებდნენ, ერთი მხრივ, 26 მაისს ქუჩაში გამოსვლის, მეორე მხრივ კი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ტრანსპარანტებით აქციებზე სიარულისგან თავის შეკავებისკენ, რადგან, წერილის თანახმად, ამას დისონანსი შეჰქონდა დემონსტრაციების მონაწილეებში.
აღნიშნულს მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„ჩემმა ძმამ დამირეკა იმიტომ, რომ ნახა კობახიძის განცხადება, მანამდე არაფერი არ იცოდა საერთოდ. საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა, რაც ვიფიქრეთ, სიმართლე ის არის, რომ ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილები და აქვთ ნათქვამი, რომ 26 მაისს რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს, ამისთვის რაღაც წერილი კეთდება თითქოს და შესაბამისად მეტი არაფერი, არც დეტალები იცოდა ონისემ. არც იფიქრებდა ალბათ, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან ასეთ რაღაც მინიმუმ გაუგებრობაში ამოყოფდა თავს.
ყველა ერთად გავაკეთებთ კიდევ საღამოს განცხადებას და უფრო მეტ სიმართლეს ვიტყვით და უფრო მეტს, რაც საჭიროა. ამ ეტაპზე კოორდინაციის პირობებში ვართ. რა თქმა უნდა, პატიმრებს არც სურვილი აქვთ და არც რაიმე ბერკეტი, რომ ვინმეს რაიმეთი მოუწოდონ და შეაცვლევინონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომელიც ბანერით გამოვიდნენ, რომელიმე დღეს, რომელიმე აქციაზე. შესაბამისად, ბიჭების გამოყენება ასე ვერ მოხდება და საღამოს კიდევ დამატებით ინფორმაციას გეტყვით“, – თქვა სანდრო ცხადაძემ.