“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, არჩილ გამზარდიასთან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
“მე ცხრა წელი ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან ოპოზიციაში, როცა ის ხელისუფლებაში იყო. თუმცა, ვფიქრობ, იმის რესურსი უნდა გვქონდეს, რომ როცა საუბარია პოლიტიკურ მასშტაბზე, შესაძლებლობებზე, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსების პოლიტიკური რესურსი. დიდი მასშტაბის ქართველი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის რეალური მოცემულობა. სხვა ქვეყნებში რომ იკითხო ქართველი პოლიტიკოსის შესახებ, მეეჭვება ვინმემ მიხეილ სააკაშვილის გარდა, გაიხსენოს სხვა პოლიტიკოსი. ამ მოცემულობების არ აღიარება და რაღაც სკეპტიკური განწყობების შექმნა, რომ “ის არის სისხლიანი ჯალათი, მკვლელი და მოდით, ასე შევხედოთ სააკაშვილს”, ეს ნარატივი, საზოგადოებისთვის პოლიტიკური მოცემულობის შესაქმნელად არის, თუმცა, აბსოლუტურად სხვა რეალობაა.
ცხრა წლის თავზე, როცა “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის, ციხიდან პატიმარი ადამიანი 30%-ს აფიქსირებს, 500 000-მა ადამიანი აცხადებს, რომ ის არის მისი პოლიტიკური ლიდერი, ამ მოცემულობის არ მიღება, ქილიკი, თავდასხმები, არანაირი სტანდარტით არ არის სწორი.
რა შეიცვალა რაც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არ მოგვწონდა? – სასამართლო შეიცვალა? – არა შეცვლილა, ჩვენ ისევ ჯიბის მარიონეტული სასამართლო გვაქვს. ერთპიროვნული ხელისუფლება შეიცვალა? – არ შეცვლილა. თვითმმართველობაში რაიმე გაუმჯობესდა? – არ გაუმჯობესებულა. პოლიტიკური ძალოვანი სისტემა სადმე წავიდა? – არა წასულა, პირიქით… ჩვენ გვინდა სულ სხვა სტანდარტების მქონე პოლიტიკური რეალობის შექმნა”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მან თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას შესახებაც გაამახვილა ყურადღება:
“დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მთელი სტანდარტი და ცხრა წლიანი ნეგატივი “ოცნებამ” წამოიღო…
ნიკა მელია უფრო კომფორტული ფაქტორია, ოპოზიციისთვის, მაგრამ ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ სააკაშვილს აქვს თავისი მაღალი პოლიტიკური მასშტაბი“– განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გადაცემის წამყვანის არჩილ განმზარდიას კითხვაზე – თბილისის მერობის არჩევნებზე კენჭს მიხეილ სააკაშვილი რომ იყრიდეს დაუჭერდა თუ არა მხარს, ფოფხაძე პასუხობს, რომ ხმას მას მისცემდა.
მისივე თქმით, მეორე ტურში, მთავრობის ყოფილი მეთაური გიორგი გახარია რომ ყოფილიყო მხარს მასაც დაუჭერდა.
“ახლა წყდება საქართველოს მომავალი, მიმაჩნია, რომ ვინც არ უნდა გასულიყო მეორე ტურში, გახარია რომ გასულიყო და მელია ვერ გასულიყო, გახარიასთვის უნდა დაგვეჭირა მხარი და შეგვექმნა შანსი რომ ეს ერთპიროვნული ხელისუფლება დასრულებულიყო. მგონია, რომ გახარიას ამომრჩევლის პრინციპი არ უნდა იყოს მხოლოდ გახარიასადმი ერთგულება, როგორც პერსონალურად პოლიტიკოსისადმი, არამედ უნდა იყოს რის გამოც ის წამოვიდა “ქართული ოცნებიდან” რაც გააჟღერა, რომ ერთპიროვნული ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. აი, ამ პრინციპისადმი ერთგულება უნდა გამოიჩინონ”, – განაცხადა ფოფხაძემ.