საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს.
“მოგესალმებით
დღეს ტრადიციულად, როგორც ყოველ ორშაბათს, სასესიო კვირაში გაიმართა უმრავლესობის სხდომა. ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. წარმოგიდგენთ იმ ძირითად საკითხებს, რაზეც ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა, დისკუსია.
ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, ეს არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მეათე არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას.
ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ეს ხდება ხოლმე როგორც წესი და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება დეტალები როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ასევე მიმდინარე საპარლამენტო კვირას, სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განვიხილავთ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს ყველა ადამიანისთვის, საქმე ეხება დამნაშავე პოლიტიკური პარტიის მემკვიდრე პარტიების აკრძალვას. ჩვენ ვალდებულები ვართ ისე დავხვეწოთ კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტმა პარტიებმა, ან კონკრეტულმა პირებმა ვერც პარტიამ და ვერც პერსონალიებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. როგორც იტყვიან ყოფილი ნაცი არ არსებობს და არც ყოფილი აგენტი არსებობს, ალბათ ამაში დამეთანხმებით.
დაბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობა შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ეს დაანონსებული გვქონდა წინა პერიოდშიც, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას გავუგრძელებთ საქმიანობის ვადას 5 ივნისამდე, როგორც ეს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს მოითხოვა საქართველოს პარლამენტიდან. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ფაქტობრივად ამოუწურავია ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის უმძიმეს დანაშაულთა ნუსხა. თუმცა, როგორც ვხედავთ კომისია ცდილობს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მცირე ნაწილი მაინც გამოიკვლიოს იმ სისასტიკიდან, რომელიც დღეს პოლიტიკოსად წოდებულმა აგენტურამ დაატეხა ქვეყანას როგორც წარსულში, ასევე დღეს და მე ვფიქრობ, რომ ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც კომისია შეიმუშავებს ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მყარი, როგორც ფორმალური, ასევე რეალური საფუძველი იმისათვის, რომ მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიების აკრძალვის შესახებ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ რომ არ განმეორდეს 2012 წლამდე სისასტიკე ამ ქვეყანაში და ოპოზიციონერად არ იწოდებოდეს აგენტურა, რომელიც გარე ძალების, ქვეყნების, თუ კონკრეტული დაჯგუფებების თუ ჯგუფების დავალებებს ასრულებდეს. საქართველომ უნდა შეძლოს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ჰყავდეს ისეთი პარტიები, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ სამშობლოს”- განაცხადა მდინარაძემ.