ამ წუთებში მიმდინარე აქციებისას დაკავებული 11 აქტივისტის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის – სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით. 1 კვირის წინ პრემიერი რომაა დაგვადანაშაულა, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები, მოგვისაჯა პირდაპირ და დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე. არ მჭირდება არავის ჰუმანურობა. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რამე უნდა მომისაჯოს. როცა ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს, ან პატიმრის ოჯახზე ისაუბროს, ისე როგორც ისაუბრა, ესააა არაკაცობა. მე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვაკეთებ და არ მჭირდება ჰუმანურობა. სანამ დააპირებთ რამეს და ცდით, უნდა იცოდეთ ვისთან ცდით და ვისთან დააპირებთ“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კობახიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ თქვა, რომ ის „მსხვერპლი არ არის, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება.“
ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ 11 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ამაღლობელს, ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.