გორში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჟურნალისტი გოგა აფციაური მოქალაქეებს ტრაგედიის ადგილზე შეკრებისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ის წერს, რომ საღამოს 9:00-დან 10:00 საათამდე ოჯახის წევრებთან ერთად სანთლების დასანთებად მივა და მოქალაქეებსაც სთხოვს, პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას და ამ ფორმით გამოხატონ მწუხარება.
“მთელი გორი გლოვობს. მე, როგორც ერთი თქვენი თანამოქალაქე. ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს ჩემ პროფესიას. უბრალოდ როგორც გორელი, საღამოს 9-იდან 10 საათამდე, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივალ ტრაგედიის ადგილზე ორი სანთლით, დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად. ისე როგორც ამას ცივილურ ქვეყნებსა და ქალაქებში მსხვერპლთა მკვლელობის ადგილებში აკეთებენ. (ზოგს ალბათ ყვავილი გექნებათ ეზოში, ზოგს ბავშვის სათამაშო) მივალ და ასე გამოვხატავ ჩემ მწუხარებას. მივალ და ასე მდუმარედ გამოვხატავ ჩემ პროტესტს ამ მკვლელობის (სხვას ვერაფერს ვუწოდებ) მიმართ. საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობის გამო. მთელი გორი ამ ტრაგედიაზე წერს. დავანებოთ ცოტა ხნით წერას თავი და მოდი შევხვდეთ ერთმანეთს ტრაგედიის ადგილზე, ცაბაძის ან თეატრის სკვერში. ერთმანეთს შევხედოთ თვალებში და მივუსამძიმროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის. თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ესაა ჩემი აზრი. მე მივალ, შენც მოდი…” – წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში.
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი გუშინ დააკავეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
