„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი ყოფილი მეუღლის, სოდ-ის ექს უფროსის, ერეკლე კოდუას შესახებ ისაუბრა.
„ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის, ნანუკას რომ ეძახის საკუთარ თავს, და ასევე, ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანებთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო. ერთ-ერთ სხვა საქმეზე, რომელიც ჩვენს კომისიაზეა შემოტანილი, განაჩენიც არის დამდგარი, სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით როგორ წაართვა ერეკლე კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ პირს, თუ არ ვცდები, სულ მცირე, ორი მანქანა და მათგან ერთ-ერთი თავის შვილს გაუფორმა. იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მანქანებით მოემარაგებინა, ის, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული. მოცემულმა პირმა იჩივლა და განაჩენია დამდგარი კოდუას წინააღმდეგ“, – თქვა წულუკიანმა.
ცოტა ხნის წინ, ნანუკა ჟორჟოლიანმა წულუკიანს facebook-ჩართვით უპასუხა.
ჟორჟოლიანის თქმით, 2004-05 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის ჩამოერთვათ მოპარული მანქანები და მაშინდელი თანამდებობის პირებისთვის გადაეცათ.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ წესის მიხედვით გადაეცა ერთ-ერთი მანქანა სოდ-ის იმჟამინდელ უფროსს, მის ყოფილ მეუღლეს, ერეკლე კოდუას.
ჟორჟოლიანის განმარტებით, მისთვის პირად საკუთრებაში არ გადაუციათ ჩამორთმეული მანქანა, არამედ ის გადასცეს მაშინდელ თანამდებობის პირს, ერეკლე კოდუას და რაკი მაშინ ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას მეუღლე იყო, ის იჯდა ქმრის მანქანაში.
“ეს ამბავი არის სიცრუე, ეს ადამიანი არც მახსოვს, როგორც რესპონდენტი. ახლა გეტყვით, რა არის სიმართლე – 2000-იანებში ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, მაშინ, როცა თეა წულუკიანი ძველ ბიჭებთან მეგობრობდა, მის მეგობრებს შემოჰყავდათ მოპარული მანქანები. მაშინ “ნაცმოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მოპარული მანქანები ჩამოერთვათ ამ ადამიანებისთვის და სავარაუდოდ, ვერ ვიხსენებ და ბატონი ჯუმბერია ერთ-ერთია მათ შორის. ხდებოდა მანქანების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ეს ის დროა, როცა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დოტაციაზეა ყველა. მახსოვს, მაშინდელი ბიძინა ივანიშვილის გამოწერილი პრემიები ყველა იმ ჩინოვნიკისთვის, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებდა. ეს არის დაახლოებით 2004-2006 წლები.
ხდებოდა მოპარული ავტომანქანების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფო სამსახურებისთვის, დადიოდნენ მინისტრები, მოადგილეები, მაღალჩინოსნები, სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები. ნამდვილად იყო ერთი ასეთი ფაქტი, რომელსაც მე ვადასტურებ და არასოდეს დამიმალია ეს ამბავი. როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანით დადიოდა მაშინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, მეც ვიყავი იმ მანქანაში. ჩემთვის ის მანქანა არავის გადმოუცია, ეს ტყუილია, რომ პირად საკუთრებაში იყო, უბრალოდ, მე ვიჯექი ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც მაშინ წარმოადგენდა იმ თანამდებობის პირს და იმ სამსახურს, რომელიც იყენებდა ასეთ ჩამორთმეულ მანქანებს.
ახლა მეორე ამბავი, ვკითხულობ ქალბატონ თეა წულუკიანის განცხადებაში, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის ნანუკას რომ ეძახის საკუთარ თავს, სინამდვილეში მას ნანული ჰქვია. თეა, რამ გაგაბრაზა ჩემო საყვარელო, მეგონა, რომ წყობილებიდან ასე მარტივად ვერ გამოდიოდი. ეს რა გიქენი და რა დაგმართე, ნანული ჟორჟოლიანით მომართავ ამხელა თავმჯდომარე ქალი ამხელა კომისიაზე. ძალიან გამიბრაზებიხარ…”
მიმართვა სრულად: