“მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე!” – ეს არის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გზავნილი მისი მხარდამჭერების მიმართ, რომელიც ციხიდან გამოსულმა ხატია დეკანოიძემ გადასცა რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.
“თავისუფლება მიშას” – ამ წუთებში რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლები არიან შეკრებილნი.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა წერილი გამოატანა მის ადვოკატსაც.
“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით” – ნათქვამია წერილში, რომელიც საზოგადოებას დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აგრძელებს.
ხატია დეკანოიძის თქმით, მიხიელ სააკაშვილი საბრძოლო განწყობაზეა:
“შიმშილობას აგრძელებს, მას შემდეგ რაც დააკავეს, ახლაც, ამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა, ანუ არის მეთვალყურეობის ქვეშ. მიშას გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისადმი, ჩემი მეგობრებისადმი ჩვენს მიმართ, ყველას მიამრთ, არის ბრძოლა თავდაუზოგავად, რეჟიმის წინააღმდეგ მეორე ტურებში დამარცხება რეჟიმის. მიშას გზავნილი არის ის, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში მოგება, წართმევა “ქართული ოცნების” ხელისუფლების და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი ნიკი გვარამიას შედის.
როგორც “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და ადვოკატმა რუსთავის ციხეში შესვლამდე განაცხადა, საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიაწვდის საჭირო ინფორმაციებს და ისაუბრებენ იმ გზებზე, რაც მას ციხიდან გამოიყვანს.