გორის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში მოიგო, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ დაიწყება მისი სამუშაო, როდესაც უკვე უფლებამოსილების შესრულებას დაიწყებს? – რაზეც მან მიუგო:
„მოგეხსენებათ, ძალიან რთული წინასაარჩევნო პერიოდი გვქონდა, მთელი ღამე არ გვძინებია. ჯერ კიდევ ამ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ გეგმებზე“, – თქვა ხინჩეგაშვილმა მაგდა ანიკაშვილის კითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაურეკა თუ არა მას კონკურეტმა კანდიდატმა, „აღიარა დამარცხება? თუ მოგილოცათ საერთოდ?“ – გორის მერობის კანდიდატმა ასე უპასუხა: – „ალბათ ნარეკებიც იქნება, ზუსტად არ ვიცი, უნდა ვნახო“.
ამასთან, ხინჩეგაშვილმა ამომრჩეველს პირდაპირი ეთერით ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცესკოს მონაცემებით, გორში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლიდერობს.
შედეგები პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,6%;
ვასილ მახარაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32,42%.
გორის საარჩევნო ოლქში, 107 უბნიდან ხმები 63-შია დათვლილი.