თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებისას დაკავებული აქტივისტების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის – პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დარბაზში პატიმრების ოჯახის წევრები არ შეუშვა.
ამის გამო, რეზო კიკნაძემ მოსამართლეს მონა უწოდა, რასაც დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გაძევება მოჰყვა.
„ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ მათ შვილს არ მისცე… რა დააშავა დედაჩემმა მაია ბექიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავიანთ შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოში?
თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მინდა დავტოვო დარბაზი […]
დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?! მონა ხარ!“, – ასე მიმართა კიკნაძემ მისამართლეს.
შეგახსენებთ, ზემოთ ჩამოთვლილ აქტივისტებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
