“ქართულმა ოცნებამ” ჯიმ რიშს ულტიმატუმი წაუყენა – ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ “სენატორი რიში სამომავლოდ ან თავისივე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამყარდება ეჭვი, რომ “დიფ სთეითი” პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს”.
ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია მამუკა მდინარაძემ გააჟღერა. “ქართული ოცნების” წევრი კვლავ ირწმუნება, რომ ჯიმ რიში, რომელსაც ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, “დიფ სთეითის” ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.
‘გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა.
ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს… თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე.წ. ნარატივის გახმოვანებით.
შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.
საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!..” – წერს მამუკა მდინარაძე.
დონალდ ტრამპი სენატში “ოცნების” მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს. ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის “უღალატო და გამორჩეული” ადამიანია.