ჟურნალისტი, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის მიერ ბრალის შესაძლო წაყენების შესახებ საუბრობს.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა მისთვის ბრალის წაყენებას აპირებს.
„ბრალს, რასაც მიყენებენ სიტყვიერად, პოლიტიკურია. მივმართავ გაბიტაშვილს: საჯარო პირობას ვდებ, არცერთი თეთრი იმ ფულიდან, რაც დააყადაღეთ, „ნანუკას“ ფონდიდან, საუბარია 400 ათას ლარზე, არ გადაირიცხება არც საწვიმრებისთვის, არც პატიმრებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, ჯარიმებს ისედაც არ ვიხდიდი, ეს თანხა დაიხარჯება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. გთხოვთ, ყველას დაუმტკიცოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე, მომცემთ უფლება, რომ ამ ფონდმა გააგრძელოს ბავშვების დახმარება.
თუ ამას არ გააკეთებთ, ჩავთვლი, რომ თქვენთვის პრობლემა მე ვარ ჩემი ფონდით და საქმიანობით, არაფერს წარმოადგენს არცერთი ბავშვის სიცოცხლე, არცერთი ბავშვის ჯანმრთელობა. ახლა გაქვთ ალტერნატივა, შექმნათ თქვენით ფონდი და ყველა იმ ბავშვს დაეხმაროთ, რომელიც მე მომწერს, თან დაეხმაროთ ოპერატიულად, როგორც ჩვენ ვაკეთებდით, არ ჩააყენოთ რიგში, არ გაუწელოთ მოლოდინები. დარწმუნებული ვარ, ალბათ, ბევრი ტექნიკური შეცდომა გვაქვს დაშვებული, ვჩქარობდით ადამიანების დახმარებას და შემდეგ იგზავნებოდა ბევრი საბუთი. მთავარია, ვისთან მიდიოდა ეს თანხები, ვის ერიცხებოდა.
უახლოესი 1 კვირის განმავლობაში განიხილება ჩემი ფონდისთვის ყადაღის მოხსნა. გავასაჩივრეთ განჩინება, რომელიც მე არ ჩამბარდა, მაგრამ სხვა ფონდებს ჩაბარდა, შესაბამისად, ვითხოვ ჩემთვის და სხვა ფონდებისთვის ყადაღის მოხსნას. ვთხოვ, გაბიტაშვილს, ეს 1 კვირა, როდესაც სასამართლო ამ საკითხს განიხილავს მოგვცეთ ამ თანხის გამოყენების უფლება ამ შეზღუდვით. დამანახებთ, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გაჭირვებულ ადამიანებს, „ქართული ოცნებისგან“ მიტოვებულებს დავეხმარო. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ გასაგებია, რატომ აკეთებთ ამას, ე.ი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს.
ასევე, ვიცი პროკურატურიდან, რომ ახლა ემზადებიან, წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში – თანხას ყადაღა მოხსნათ და ამ ფონდმა გააგრძელოს ის, რისთვისაც შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა, დავხმარებოდი პატიმრებს, გავმიჯნავ და ეს ფონდი გამოყენებული იქნება ბავშვებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ პატიმრები აუცილებლად მიიღებენ ყოველ თვე იმ თანხას, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის, რთული ყოფის შემსუბუქებისთვის. ველოდები გაბიტაშვილს, მინდა იცოდეს, რომ დღეიდან საქმე მხოლოდ მასთან მაქვს“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სხვა ფონდებთან ერთად, „ნანუკას ფონდიც“ დაყადაღდა.
ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას გაეცანით ბმულზე.