11 წელი გავიდა სალომე ჯორბენაძის სასტიკი მკვლელობიდან. ალბათ ბევრს დღემდე ახსოვს წლების წინ ზესტაფონში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. “ირინეს ბაღში”, ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, 25 წლის სერგი საცერაძემ 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი პოლიციელებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა. სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები იქვე დაადეს. საცერაძე ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო და დანაშაული ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.
როგორც ცნობილია, სერგი საცერაძემ 2011 წელს, 17 წლის სალომე იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ არასრულწლოვნის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია. ასე გახდა სალომე სერგის ცოლი.