თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოქვეყნა, სადაც ის წერს, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ქვეყანას ტოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა გააკეთა.
„როგორც თქვენთვის არის სიახლე [ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვება] , იგივეა ჩემთვისაც. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ. არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად. სხვა, არანაირი დეტალი არ ვიცი…
პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია.
ხომ გეუბნებით, დღეს, მე მას ვესაუბრე, ჩვეულებრივად მოლოდინი მქონდა პროცესზე გამოცხადების. ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [სად არის] “, – აღნიშნა მახარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.