„ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა კანონპროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“.
კანონპროექტის მიხედვით, თეატრს ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს თეატრის დირექტორი.
ამდენად, გაუქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის, თანამდებობა.
სახელმწიფო თეატრებში, მათ შორის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო თეატრებში, დირექტორებს ნიშნავს კულტურის მინისტრი, მუნიციპალურ თეატრებში კი დირექტორს დანიშნავს ქალაქის მერი.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, მინისტრს შეუძლია თეატრის დირექტორის გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით:
სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაცია; თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნა; მინისტრის ინიციატივა, რის შესახებაც დირექტორს ეცნობება ერთი თვით ადრე და ეძლევა ერთი თვის ხელფასი, ასევე მინისტრის ინიციატივა, რის შესახებაც დირექტორს ეცნობება 3 დღით ადრე და მიეცემა 2 თვის ხელფასი კომპენსაციად.