ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“გასკდა გული!..
როგორც ჩანს ცოდნაზე, სწავლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალს, ვიღაც სალახანამ სიცოცხლე მოუსპო! დაიჭერენ ამ ვიგინდარას, მოიხდის 15 წელს ციხეს – შეიძლება საჩივარიც დაწეროს ციხეში – ყავა შეციებული იყოვო”, გამოვა და რა?.. რას შექმნის? 99.9%-ით არაფერს სასიკეთოს. მომავალი კი წაგვართვა… მერამდენედ უნდა ვიტიროთ ჩვენი ღირსეული შვილები, პარაზიტების ხელიდან გაწირულები!!? მართლა არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კრიმინალთან!
მერამდენედ ვამბობ: ხალხის დაკვეთა 2012 წელს იყო – ” უდანაშაულო ხალხს, მხოლოდ ფულის წაგლეჯვის მიზნით ნუ მოუწყობს მთავრობა პროსკრიპციებს”, თორემ არავის უთქვამს ნაღდი კრიმანალები თავზე დაისვით და ეფერეთო! მესმის, როდესაც უკომპრომისო ბრძოლას აჩაღებ კრიმინალთან, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ უდანაშაულო ადამიანებიც არ მოყვეს შემთხვევით. მაგრამ ციხეში ხომ მაინც შეიძლება ცოტა სიმკაცრე? ციხის მაინც რომ ეშინოდეს ადამიანს და სანატორიუმივით არ მიდიოდეს! მოვკვდი დღეს ამ ბიჭის ამბით.. სრულიად უცნობი ბავშვი საკუთარივით მეცოდება! საკუთარი თავიც მეცოდება და მეშინია შვილების გამო…,” – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.