„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საია განცხადებას ავრცელებს.
„ 📣 მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად სცნო.
⭕ ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.
⭕ ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.
⭕ სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ამაღლობელი 34-ე დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.