შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.
„ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.