ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის იანვრის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების თანახმად 2025 წლის იანვარში საქართველოში 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა (კოდი 97019900000 და 97012100000, სასაქონლო კოდი მოიცავს სურათებს, ნახატებსა და პასტელებს).
ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდულ მაჩვენებელს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილი წერს, ნახატების შემოტანა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
“დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში – ეს ფინ. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:
თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები.
მათ შორის, აშშ – დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან “დალაგებულ” ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქედანაც მოარბენინებს ნახატებს.
აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების. ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი!” – წერს ბექა ლილუაშვილი.
შემოტანილი ხელოვნების ნიმუშების წონა 6 ტონას აჭარბებს, ამაში შედის ნახატების შეფუთვა და დამცავი კონსტრუქციები. ქვეყნები კი საიდანაც ამ ღირებულების ნახატები შემოვიდა, აშშ და დიდი ბრიტანეთია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, რომელიც დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის იანვარში საქართველოში $1.6 მილიარდის იმპორტი განხორციელდა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-ით (0.5 მილიარდი) მეტია, თითქმის ზუსტად იგივე თანხა, რა ღირებულების ნახატებიც შემოვიდა.