ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი და 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია. 25 წელია, მოსწავლეებს სკოლაში ცოდნას გადასცემს, თავისუფალ აზროვნებას და სამართლიანობის მნიშვნელობას ასწავლის.
რამდენიმე დღის წინ სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგენა. მიზეზი ის გახდა, რომ სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა გააპროტესტა. ლადო აფხაზავა სასამართლომ 5.000 ლარით დააჯარიმა.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის, მასწავლებლებმა კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადა და იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე საჭირო იყო.
“ჩემთვის საოცარი დღეებია, პირველი განცდა, რაც თავიდან მქონდა, უმძიმესი იყო… გიყვარს შენი სამშობლო, მისთვის ყველაფერს აკეთებ და შენი ქვეყანა კი სასამართლოში გიბარებს, საბრალდებო სკამზე გსვამს, – ეს ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია,“ – გვეუბნება ლადო აფხაზავა.
მან ჩვენთან საკუთარ ემოციებსა და საზოგადოებისთვის არაერთ უცნობ ფაქტზეც ისაუბრა.