„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე დღეს განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა.
„ძალადობა მიუღებელია კატეგორიულად. თუ ჩემზე აქვს ვინმეს ეჭვი, მე არ მჩვევია ასე. როცა დააშავა, არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, მითუმეტეს, იქ, კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, სადაც ოჯახსი შეურაცხყოფაა და ახლობლების, პასუხი გავცე და მომავალშიც ასე ვიზამ. ხოლო მაგის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა ეს ინიციატივები და შესაბამისად, მე გაგებით მოვეკიდე. მგონია, რომ არცერთმა ხალგაზრდამ არ უნდა გამოაყენებინოს თავი ამ სექტას, ამ უსამშობლოებს და ამით დამთავრდა ჩვენი თემა. ასე რომ, მცდელობა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ კიდევ ამაზე ქულები დაიწერონ, საცოდავები არიან. თუ რამე არის ეჭვი, აგერ არის, არ გაუჭირდება ჩივილი პოლიციაში და შესაბამისად, თუ დამიბარებენ, იგივე ჩვენებას მივცემ როგორც აბუ დაბიში მივეცით ჩვენება გამოძიება როცა მიმდინარეობდა. ზოგადად, გამოირჩევა ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით. შეიძლება მეზობელიც იყოს, შეიძლება მისი ყოფილი მეგობარი იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა კამერით რომ დარბის, იმანაც შეიძლება… არ ვიცი ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ“, – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, დღეს დილით გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თავდასხმის შესახებ ყვებოდა.
ლაშა გაბიტაშვილის არის ის მოქალაქე, რომელსაც 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე – ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძეც ჩაერთო.
აბუ-დაბის სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარეები დაკითხა. როგორც გაირკვა, ზარქუა და სანიკიძეს ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.