14 დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში, ბუნებრივია, ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, მაგრამ ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერია.
რადგან დიდია საზოგადოების ინტერესი და ყველა ელოდება ალექსანდრეს გამოჩენას, საქმეში არსებული მეტი დეტალის გასარკვევად ადვოკატ პაატა შავაძეს დავუკავშირდით.
– ბატონო პაატა, როგორც ვიცით, ჩაერთეთ საქმეში, რას გეუბნებათ გამოძიება?
– მე ვარ ალექსანდრეს ადვოკატი, ბუნებრივია, საქმე აღძრული იყო და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია, მაგრამ ბავშვი არ იყო დაზარალებულად ცნობილი. პროკურატურას მივეცი შესაბამისი მითითება, დავუსაბუთე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ჩართვიდან ერთ საათში ალექსანდრე მიქელაძე ცნობილია დაზარალებულად. ახლა საქმის მასალებს ამზადებენ, რომ გადმოგვცენ და ამ სტატუსის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სრული ინფორმაცია ამოვიღოთ, თუ რა ხდება ამ საქმეზე. საქმის კურსში ვარ, არაერთი განჩინებაა სასამართლოს მიერ გაცემული, არაერთი ვიდეოა ამოღებული და მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვი ცოცხალია, ჯანმრთელია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა – ბავშვი ცოცხალია. ის რაღაცას გაექცა. ეს შინაგანი პროტესტია თუ რა, საბოლოოდ გაირკვევა. საგამოძიებო მოქმედები მიდის, რაც ნათელს მოფენს ამ საქმეს.