12 წლის ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმე – სამედიცინო ექსპერტი, დავით გრიგოლია, რომელსაც გამოძიება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას ედავებოდა, გასული წლის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, 30 ივნისს კი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
საქმის მასალების მიხედვით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან – სახიდან და მტევნებიდან აღებული ანაწმენდები „დაობდა“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოითხოვს დაზარალებული მხარე და მათი უფლებადამცველები.
“ჩვენ პოზიციაა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა ყოფილიყო მიღებული ის გადაწყვეტილება, რომ მინიმუმ მისი გულრგილი დამოკიდებულება შეფასებულიყო, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. კვალიფიკაციის განსაზღვრა მაინც უნდა მომხდარიყო ისე, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ქცევა და მინიმუმ გულგრილობას ჰქონდა ადგილი“ – უთხრა “რადიო თავისუფლებას” ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, პროკურორი ნათია თათიაშვილი ირწმუნებოდა, რომ ექსპერტი, რომელმაც 2023 წლის 17 მარტის გამთენიისას, 12 წლის ბავშვის ცხედარი შეისწავლა და ნიმუშები და ანაწმენდები აიღო, არ იყო მოტივირებული, საქმეს ზედაპირულად მიუდგა და მათ შორის, არ გააკეთა სპეციალური მინიშნება იმ პოლიეთილენის პაკეტებზე, სადაც ანაწმენდები მოათავსა.
დაცვის მხარე კი ამბობდა, რომ პროკურატურამ დავით გრიგოლიას ბრალდებულად ცნობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ 12 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის გამოძიება ვერ მოახერხა.
ადვოკატის თქმით, დოლბანდები, რომელთა დაობებასაც ედავებოდა გამოძიება, ექსპერტმა სრულად გაშრობის შემდეგ მოათავსა პოლიეთილენის პაკეტებში და სამ ნიმუშზე – ანაწმენდებზე სახიდან და მტევნებიდან, არა ობი, არამედ პირნაღები მასის ანაწმენდი და მიწა იყო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის სხეულზე სამედიცინო ექსპერტმა 39 დაზიანება აღწერა – მათ შორის, დალურჯებები ნეკნებზე, სისხლნაჟღენთი ხელის არეში, დაზიანებები ტუჩებზე, ნაკაწრები სახეზე, დაზიანება შუბლზე…
3 წელია, ანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 3 წელია, ანის ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 16-17 მარტის ღამეს.
