არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას „ნეთგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ვიცით ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, ქუსლებით ცემდნენ დავარდნილს.
თუ ეს [მზია ამაღლობელი] დამნაშავეა იმიტომ, რომ ამ პოლიციელს [ირაკლი დგებუაძეს] ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამნდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი […]
აი, დასვით კითხვა, რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილი? აი, ესეთი უსამართლობები რომ ხდება და ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, მე-19 დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.