საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ამავე სასწავლებლის დაპატიმრებულ სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილისა და მასთან დაკავშირებით, სეუ-ს სტუდენტების მიმდინარე პროტესტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
SEU იცავს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლება, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რასაც აღიარებენ ევროპული და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციები:
UNESCO; OECD; IAU; ESU; ENQA; EUA; IAUP; Transparency International; Coimbra Group; AUF; U.S. Department of State (Bureau of Educational and Cultural Affairs; ACE; AAUP; IREX; Carnegie Foundation for the Advancement of Teaching; Human Rights Watch და სხვა.
📣ვეხმაურებით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია.
SEU პატივს სცემს ყველა ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. განათლებაში ევროპული ღირებულებების, ბოლონიის პროცესში მიღებული აქტების, 2015 წლის კომუნიკესა (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტის, ტოლერანტობის შენარჩუნების შესახებ) და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
უნივერსიტეტის უპირველესი მიზანი და პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის განათლება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
ვწუხვართ, ჩვენი პირველკურსელი სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის, დაკავების გამო და გულწრფელად ვუსურვებთ თავისუფლებასა და სტუდენტური ცხოვრების გაგრძელებას.
აქვე, გვსურს, თანამიმდევრულად აღვწეროთ SEU-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და პასუხი გავცეთ იმ ცრუ ბრალდებებსა და მიზანმიმართულ პროვოკაციებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 16 იანვრიდან ვაწყდებით და რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია.
2025 წლის 16 იანვარს SEU-ს კამპუსში ოცამდე სტუდენტმა დაიწყო პროტესტი ჩვენი სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის, სოლიდარობის ნიშნად. პირველივე დღიდან გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ შეძლებოდათ პროტესტის თავისუფლად და უსაფრთხოდ გამოხატვა. მეტიც, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გამოვყავით შიდა დაცვის თანამშრომელი, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. თუმცა ეს აქცია, რომელიც გაფიცული სტუდენტების მიერ იგეგმებოდა მხოლოდ 24 საათით, გრძელდება და უფრო და უფრო აგრესიულ ხასიათს იღებს.
თავიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს არანაირი ხელისშემშლელი ქმედება არ განუხორციელებია, აქციის მონაწილეებმა არაერთი ცრუ ბრალდება გააჟღერეს.
მაგალითად:
🔹 პროტესტში მონაწილე სტუდენტების თქმით, მათი მოთხოვნაა რექტორთან შეხვედრა, რისი შესაძლებლობაც არაერთხელ ჰქონდათ. თავდაპირველად, რექტორი თითქმის საათ-ნახევარი ელოდა პროტესტის მონაწილე სტუდენტების მოსვლას, მათივე მოთხოვნით დანიშნულ შეხვედრაზე, მაგრამ უშედეგოდ.
🔹 გაფიცვის დაწყების პირველივე დღესვე, როდესაც გაფიცული სტუდენტები საპროტესტო ბანერს კიდებდნენ უნივერსიტეტის ფოიეში, რექტორი თავად წავიდა მათთან შესახვედრად, მათ დაინახეს, თუმცა თავი აარიდეს და მიიმალნენ.
🔹 გაფიცული სტუდენტები არაერთხელ შეხვდნენ რექტორს უნივერსიტეტის კამპუსში, რაც მათივე გავრცელებული ვიდეომასალითაც დასტურდება, თუმცა, არცერთხელ არ ისურვეს მასთან გასაუბრება, მაგრამ, როდესაც რექტორი შენობაში არ იმყოფება, გაფიცული სტუდენტები იწყებენ მეგაფონებით ყვირილს რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით, ამ პროცესს იღებენ და ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და ურცხვად იტყუებიან, თითქოს რექტორი მიმალულია.
🔹 გაფიცული სტუდენტების ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებიდან გამომდინარე, სეუ-ს წარმომადგენელმა რამდენჯერმე შესთავაზა გაფიცულებს ერთმანეთთან შეთანხმებულიყვნენ და შეჯერებული მოთხოვნები წერილობით წარმოედგინათ რექტორისთვის, რაც დღემდე ვერ მოახერხეს.
🔹ვნახეთ SEU-ს საჯარო ღონისძიების (ღია კარის დღე) მიზანმიმართული ჩაშლის ფაქტი, რომლის პირდაპირი მიზანი აბიტურიენტებისა და მშობლების თვალში უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვა იყო. ხაზგასასმელია, რომ სეუ-ს სტუდენტებთან ერთად ამ პროცესში სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ;
🔹გავრცელდა ცრუ ინფორმაციაც, თითქოს სეუ-ს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. სინამდვილეში, ეს იყო სეუ-ს სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში ლექციაზე დასასწრებად მოვიდა;
🔹გაფიცულმა სტუდენტმა, უნივერსიტეტის გულწრფელ და ჰუმანურ ჟესტზე, სეუ-ს დაპატიმრებული სტუდენტებისათვის გადაეხადა გირაოს თანხა, სულმდაბლური და მისთვისვე სამარცხვინო „შეფასება“ გააკეთა და უნივერსიტეტს მოსყიდვის მცდელობა დააბრალა.
🔹უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად იყო, შეხვედროდა პირველკურსელი ირაკლი მიმინოშვილის მშობელს და აღმოეჩინა საჭირო დახმარება, რეალური შესაძლებლობების ფარგლებში (ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით).
🔸 რექტორი და სტუდენტის მშობელი, უკვე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, ხვალ, 28 იანვარს.
გაფიცულ სტუდენტებთან ხშირად მოდიოდნენ გარეშე პირები, რომლებიც მათთან ერთად ჩართული იყვნენ სასწავლო, სამუშაო და საგამოცდო პროცესების ხელშეშლაში, ასევე, გაფიცული სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებითა და შესაძლო დაპირისპირების რისკების შემცირების მიზნით, 24 იანვრიდან შემოღებულ იქნა უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები და უნივერსიტეტში დაშვების სპეციალური წესი. სამწუხაროდ, აღნიშნული წესი გაფიცულებმა არაკანონიერი და უსაფუძვლო პრეტენზიის, პროვოკაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოიყენეს.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ N3-04 აუდიტორიაში გაფიცულთა პროტესტი ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს და მათთვის პროტესტის გამოხატვაში ხელი არავის შეუშლია, მით უმეტეს, არც არავინ „გამოუგდიათ“ და, მეტიც, ოთახის დატოვების მოთხოვნაც კი არ ყოფილა.
უნივერსიტეტის სივრცეში დაშვების სპეციალური წესი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. გაფიცული სტატუსშეჩერებული და სტატუსის მქონე სტუდენტების ნაწილი, რომლებიც გვიან ღამით, არასამუშაო საათებში, დაკეტილ შენობაში უკანონოდ ცდილობდნენ შეღწევას, დაცვამ სრულიად ლეგიტიმურად არ შეუშვა. სტატუსის მქონე სტუდენტებს განუმარტეს, რომ მომდევნო სამუშაო დღეს ჩვეულებრივ შეძლებდნენ უნივერსიტეტში შემოსვლას და N3-04 აუდიტორიაში იმ ღამეს დარჩენილ გაფიცულ სტუდენტებთან შეერთებას (რაც შესრულდა კიდეც). მაგრამ მათ ხელოვნურად, პროვოკაციულად დაძაბეს სიტუაცია, რასაც მოაყოლეს ტყუილების კასკადი და გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია – თითქოს ისინი ღამის 11 საათზე „გამოყარეს“ ქუჩაში, სიცივეში. დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა გარეთ დარჩენილ გაფიცულებს ბევრჯერ შესთავაზეს შენობის პირველი სართულის ფოიეში, სითბოში, გაეგრძელებინათ პროტესტი. გაფიცულები უკანონოდ მოითხოვენ რექტორისგან, უნივერსიტეტის სახელით გააკეთოს პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადება, რითაც ირღვევა ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტური პრინციპები, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლება, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ამიტომ რექტორი ვერ/არ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორებიც პირდაპირ ან/და ირიბად შეიცავს პოლიტიკური შინაარსის ელემენტებს, რადგან ეს იქნება მიჩნეული უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლების პრინციპების დარღვევად და გაზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას, გამოიწვევს დაძაბულობასა და კონფლიქტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.