„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძისა და მიმდინარე აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაპირისპირება გრძელდება.
დღეს მდინარაძე ანდროს ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
„ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს, და ასე შემდეგ, პოლიტიკურ ინტერესს, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, რაც უნდათ ის ქნან. მაგრამ მაშინ შემოთვლებს თავი დაანებონ და ჩამოყალიბდნენ, ან გამართლებაზე იზრუნონ, თუ მართალია უნდა გამართლეს, თუ მტყუანია, მაგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ან ერთი გზა უნდა აირჩიონ, ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, ამ გზას თუ ირჩევენ შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი, თუ შემოთვლები და თავდებობა სჭირდებათ და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამის პირობები გადავეცი საჯაროდ, და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მდინარაძემ განაცხადა, რომ ის თავდებში ჩაუდგება ანდროს, თუ მსახიობი გაიაზრებს, რა ჩაიდინა.
აღნიშნულს მოჰყვა როგორც ანდროს დედის, ლიკა გუნცაძის, ისე თავად დაპატიმრებული მსახიობის პასუხი ციხიდან.
ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.