„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„George Akhobadzeს დედა გარდაეცვალა.
შვილს არ მისცეს უფლება ბოლო დღეები დედასთან გაეტარებინა.
მას ნარკოტიკები ჩაუდეს, მხოლოდ პოლიციის ჩვენება აქვთ, არც სამხრე კამერის ჩანაწერები, არც დაკავების ადგილის ირგვლივ არსებობს კამერის ჩანაწერები. გიორგი მზად იყო ნებისმიერ შემოწმებაზე, სადაც დაამტკიცებდა, რომ სრულიად სუფთა იყო.
მთელი პროცესის განმავლობაში გიორგი ამბობდა, რამდენად იყო მიჯაჭვული არათუ მის ქვეყანას, არამედ კონკრეტულად მის ბინას და დედას, ამიტომ არ არსებობდა მიმალვის საფრთხე, თუმცა პატიმრობაში მაინც დატოვეს.
ვუსამძიმრებ ოჯახს და გამძლეობა გიორგის.
ახლა ერთადერთი, რაც უნდა, დაკრძალვაზე დასწრებაა, პირველი მხოლოდ ეგ იკითხა, ხომ დამასწრებენო…“ , – წერს ის.
შეგახსენებთ, გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.