ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ “ეს დაახლოებით ისეთი სიახლეა, როგორც ის, როცა ადამიანმა პირველად მთვარეზე ფეხი დადგა.”
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია კაცობრიობის უდიდეს გამარჯვებაა.
“მეგობრებო, ძალიან მაგარი ამბავია ….“ფაიზერმა“ ამერიკის წამლის სააგენტოს სრული ავტორიზაცია მიიღო;
„ფაიზერმა“ 2 წელიწადში შეძლო ის, რასაც ადრე 5 წელი სჭირდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება სწრაფი პროგრესის საშუალებას იძლევა; სხვათაშორის, ე.წ. ტრადიციული მეთოდით გაკეთებული ვაქცინები, ჩვენს საუკუნეში უკვე ჩამორჩენილი მეთოდია.
დღევანდელი სიახლე ნიშნავს, რომ უკვე გვაქვს პირველი უსაფრთხო, ეფექტური და ოფიციალურად დამტკიცებული კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინა. ამით „ექსპერიმენტის“ თაობაზე ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა.
ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ ძირფესვიანად შეისწავლა ყველა კლინიკური კვლევის შედეგები და ეს ვაქცინა უსაფრთოდ და ეფექტირად აღიარა.
მადლობა ყველა იმ ცხოველს, ვინც კლინიკური კვლევების პროცესს შეეწირა.
მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც თავიდან გარისკეს და პირველი დონის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, როცა ეს ვაქცინა ჯერ კიდევ ექსპერიმენტული იყო.
ასევე დიდი მადლობა ყველა იმ პირს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მონაწილეობას ღებულობდა მეორე და მესამე დონის კლინიკურ კვლევაში. უდიდესი მადლობა კვლევაში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ისინი კაცობრიობას გადარჩენაში დაეხმარნენ.
მინდა, შეგახსენოთ, რატომ ვიძახდი, რომ საქართველოში გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა. დააკვირდით – იმ ქვეყნებში, სადაც იყო ელექტრონული ჯანდაცვის გამართული სისტემა (მაგალითად, ისრაელი, ბაჰრეინი და ა.შ.), საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ, რა პრობლემები და უკუჩვენებები ჰქონდა ვაქცინას.
ყველა ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დადგა მეოთხე, ყველაზე უფრო რთული ეტაპი – მეოთხე დონის კვლევა, რომელიც მოსახლეობაში ჩატარებულ ვაქცინაციაზე დაკვირვებას გულისხმობს. „ფაიზერმა“ ეს ეტაპიც წარმატებით გაიარა. მსოფლიოში ადმინისტრირებულ იქნა არაერთი მილიარდი დოზა, რამაც აჩვენა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური.
ხალხო, გვეშველა და ეს არის ყველაზე მაგარი ამბავი! ეს დაახლოებით ისეთი სიახლეა, როგორც ის, როცა ადამიანმა პირველად მთვარეზე ფეხი დადგა. ეს უდიდესი მიღწევა იმ მეცნიერების დამსახურებაა, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, სწავლობენ, იკვლევენ, სხედან ლაბორატორიებში, ინსტიტუტებში, ბიბლიოთეკებში, რომლებსაც თქვენ ტელე-ეკრანებზე ვერ ხედავთ. ისინი ჩუმად აკეთებენ უდიდეს საქმეს. უდიდესი მადლობა, მათ კაცობრიობა გადაარჩინეს. ამ ადამიანებმა მოგვცეს საშუალება, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
2 წელია, „ლოკდაუნებით“, პირბადეებით არ დაიღალეთ?! ყველა დავიღალეთ. რამდენი ბიზნესი, რამდენი ოჯახი გაკოტრდა. რამდენი სამსახური დაიკარგა. დღეს კი, გილოცავთ, კაცობრიობა გადარჩა.მე ყოველთვის გეუბნებოდით – „ფხაკაძე აიცრება მაშინ, როცა ხაჭაპური გამოცხვება“. მე მქონდა სხვა ვაქცინების გაკეთების საშუალებაც, მაგრამ ავიცერი „ფაიზერი“. ახლა მიხვდებით, რატომ.
mRNA ვაქცინის შექმნელია უნგრელი ქალბატონი, რომელიც კვლევის პროცესში უნგრეთის ორი და ამერიკის ორი უნივერსიტეტიდან გააგდეს, რადგან მისი აღმოჩენების არ სჯეროდათ. მაგრამ ეს ქალბატონი საკუთარი იდეის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული იყო და 30 წელი დაუღალავად შრომობდა. ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, სადაც ეს მეცნიერი მუშაობდა, „ბიონტეკს“ ლიცენზია კაპიკებში მიჰყიდა, როგორც უპერსპექტივო. შემდეგ „ბიონტეკმა“ ამ ქალბატონს თავისთან შესთავაზა მუშაობა და ამ ვაქცინამ ასე დაიწყო ნელ-ნელა მზის სინათლის ხილვა.
წარმოგიდგენიათ, ამ მეცნიერ ქალბატონს რომ არ ჰყოფნოდა ნებისყოფა და საკუთარი თავისადმი რწმენა, რას დაკარგავდა კაცობრიობა?! ეს ქალბატონი არის ის ადამიანი, ვისაც ძეგლი უნდა დავუდგათ! მან მილიარდობით სიცოცხლე გადაარჩინა.
გუშინაც დავწერე, რომ მეცნიერებაში მალე არაერთი სიახლე იქნება. უკვე საუბარია იმავე mRNA მეთოდოლოგიით, აივ ინფექციის (შიდსის) წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე, ასევე კიბოს და ბევრი სხვა დაავადების წინააღმდეგ. მომავალ წელს ბევრი დაუჯერებელად კარგი სიახლეები გვექნება. რაც მთავარია, ეს მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ ახალი წამლის შესაქმნელად უკვე 5-10-15 წელი აღარ იქნება საჭირო, 1-2 წელიწადში შეიძლება, გაკეთდეს. წარმოგიდგენიათ, რამხელა პროგრესია?! მეცნიერებაში ეს არის რევოლუციაზე მეტი! ყველას გილოცავთ!
მეგობრებო, გთხოვთ, დროზე აიცერით „ფაიზერი“, სანამ ეს ვაქცინა ჯერ კიდევ არის საქართველოში. არჩევნების შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.ქვეყანაში ვინ რას და რატომ აკეთებს, ვერ გაიგებ. სიტუაცია კატასტროფულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია ვერ იმართება. სახეზეა, რომ დაავადებათა კონტროლი სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
საქართველომ თავის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობისკენ უნდა მიმართოს მთელი რესურსი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს კარგი ვაქცინები. სხვათა შორის, მალე მოდერნაც მიღებს სრულ აკრედიტაციას. ქვეყნის მთელი რესურსი „ფაიზერისა“ და „მოდერნის“ შემოტანაზე უნდა იყოს მიმართული.
ვინც უკვე არის აცრილი დაბალეფექტური ვაქცინებით, მათ მესამე დოზა ფაიზერი უნდა შესთავაზონ. არა აქვს მნიშვნელობა, ჩინურებითაა გაკეთებული ორი დოზა თუ ასტრაზენეკათი, მესამე დოზა უნდა იყოს ფაიზერი.
იცით, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 40 წლის ზევით მოსახლეობის აცრა მესამე დოზით მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოც ასე უნდა მოიქცეს.
“ფაიზერის” ვაქცინა არის უსაფრთხო. მაქსიმუმ, საქართველოში ოციოდე ადამიანისთვის შეიძლება, ვერ იყოს შესაძლებელი აცრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დანარჩენი ყველა უნდა აიცრას, საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის.
ბევრი მეკითხება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხომ არა აქვს უარყოფითი გავლენა „ფაიზერს“. არა, აცრა უსაფრთხოა, მაგრამ კოვიდი თუ დაგემართათ, თქვენს რეპროდუქციული ჯანმრთელობას რეალური საფრთხე დაემუქრება.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, წამყვანი ქვეყნები 12 წლიდან ცრიან. ახლა უკვე საუბარია 2 წლის ასაკიდან აცრაზე. როცა კვლევები დასრულდება, მალე 2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული.
განვმეორდები – ხალხო, გვეშველა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო! ახლა საუბარია, რომ მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია, დიახ, სავალდებულო უნდა იყოს ვაქცინაცია, უმრავლესობა უნდა იყოს დაცული. წაიკითხეთ კანონი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ!
იმაზეც ვიტყვი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობის შედეგია ის, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის 50% აცრილი არ არის. ეს კატასტროფაა.დიახ, გიორგი ფხაკაძე გააკეთებს ყველაფერს, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა გაძლიერდეს და ყველა სამედიცინო პერსონალმა, ექიმმა და ექთანმა გაიაროს აკრედიტაცია. დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ.
დასასრულს კიდევ ერთხელ გილოცავთ კაცობრიობის უდიდეს გამარჯვებას და მოგიწოდებთ, ვისარგებლოთ მეცნიერების სიკეთით. გვეშველა!” – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.