28 ნოემბრიდან დღემდე პერმანენტულ აქციებზე 400 კაცზე მეტი დააკავეს. საზოგადოების დიდი ნაწილის და ოპოზიციის ორი უმთავრესი მოთხოვნიდან ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებაა. დაკავებულებს შორის მოძრაობა “დაფიონის” დამფუძნებელი, 19 წლის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძეცაა, რომელსაც 7 პირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, “ბრალდება მტკიცებულებად იყენებს “დაფიონის” 2024 წლის 30 ივნისის ლაივს, სადაც ზვიადი თავდაცვითი ხასიათის მოქმედებებზე საუბრობს, მაგრამ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს არის სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმის ორგანიზების გაწევა. ეს არ არის სრული ვიდეო… ჩვენ შევეცდებით, სრული ვარიანტის წარდგენის შემდეგ სასამართლოში დავადასტუროთ, რომ ეს ვიდეო არ ემსახურება ვინმეზე თავდასხმის მიზანს, არამედ მისი დანიშნულება იყო ზვიადს თავდაცვითი ე.წ. მექანიზმების თაობაზე გაეკეთებინა განცხადება”.
ალბათ, ბევრს ახსოვს სკოლის მოსწავლე ბათუმელი ბიჭი, რომელმაც ჩაქვში სამხედრო ფორმაში გადაცმულმა რუსი მოქალაქის სახლის სახურავიდან რუსეთის დროშა ჩამოაგდო. მერე იყო ბათუმის პორტში რუსი ტურისტებით შემოსული საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” ორჯერ უკან გაბრუნება და რეისების მოხსნა, რასაც ზვიად ცეცხლაძე მისი სამეგობროს გამარჯვებად თვლიდა. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გასულ წელს მარტის აქციების დროს სტუდენტი სახლიდან გაიპარა, პროტესტანტ თანატოლებს რუსთაველზე შეუერთდა და ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” საპროტესტო აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი თქმით, ეს მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.