„რომ დავიწყოთ პირველი რეზოლუციით, სამარცხვინო რეზოლუციები რომ მიიღეს – სააკიშვილთან მიმართებაში, თითქოს, ვაწამებთ. რიცხვი ხომ არ იცვლება, სულ რაღაც 10 ადამიანია, ვინც მუდმივად ამ თემით სპეკულირებს, ერთი ძალა არის – აქ მყოფი მეხუთე კოლონა და ეს ხალხი, იგივე შემადგენლობაა. ეს მექანიზმიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს.
„თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს. ძალიან კარგი პასუხი გასცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ბატონმა მაისურაძემ, ძალიან კარგად, პროფესიონალურად ჩამოაყალიბა, თუ რამდენად შეუსაბამო იყო თავად ეუთო-ს წესებთან. მაგრამ მოთხოვნა მექნება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახსენე, ჩვენმა ელჩმა ძალიან კარგად განმარტა, მაინც იქნება აუცილებელი, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს სრულყოფილად – თუ რას ემსახურება, ვინ ადგენს ამ აქტს და რასთან არის კავშირში”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, გარკვეული ძალები სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ ქვეყნის დასაზიანებლად.
„„კამიტიც“, რეზოლუციაც, ეს აქტიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თავისთავად, ვისთანაც პირდაპირ კავშირშია, ეს არის მეხუთე კოლონა, ვინც ამ ყველაფრის შესახებ უნდა ისაუბროს. ასევე, შეგიძლიათ, მიამატოთ, რომ ეს იყო იგივე კამპანია, რომ თითქოს, აქ ტერორისტებს ამზადებენ, იგივე ადამიანების ჯგუფი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს მეხუთე კოლონაში და ეს პროცესიც დაძრულია. სამწუხაროდ, ამ საერთო ძალას ასევე ჰყავს თავისი [მოკავშირე] ამერიკის შეერთებულ შტატებში – კონგრესში ჯო უილსონი, რომელიც მუდმივად პოზიციონირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ გახსოვთ, დაიწყეს რუსეთით, გადავიდნენ ჩინეთზე და ახლა ირანზე და ესენიც ერთ ხმაში ამ ყველაფერს აჟღერებენ. ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ერთად ავითარებენ ამ პროცესებს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა განუმარტოს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს ეს აქტი და რატომ არ ექნება ძალა, რომ რაიმე სახით დაგვაზიანოს.
„იცვლება მსოფლიო, იცვლება გარშემო სიტუაციები. სამოქმედო გეგმა და გზა, რაც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის მთავარი. აქ უნდა იყოს მოტივირებული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. აქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კარგად უნდა განუმარტოს ჩვენს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს ეს აქტი და რატომ არის ეს ჩვენთვის უმნიშვნელო, რატომ არ ექნება ძალა, რომ აქ ჩვენ რაიმე სახით დაგვაზიანოს. ეს არის გარე აქტორებისთვის განხორციელებული, როგორც „კამიტის“ ამბავი, რომ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თითქოს ხელისუფლება წამლავს საკუთარ ხალხს. გზავნილებიც დალაგებულია, ვინ რა უნდა ისაუბროს ანუ ეს ერთიანი ქსელია. მაგრამ პარალელურ რეჟიმში ქვეყანა ვითარდება, მიდის წინ, იცავს თავის ინტერესებს. ეს პროცესი არის უფრო საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ, რომ მილევადი გახდეს ის ინფორმაციები, რაზეც არიან ისინი დაფუძნებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
