დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება დაიწყო. ცხრა კოვიდინფიცირებული იქ გუშინ საღამოს გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“საველე ჰოსპიტალი ამუშავდა დღეს!
ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს… დიახ ეს ბრძოლა წაგებულია… დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით… ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე! ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე!
სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა!
დღეს წავაგეთ ბრძოლა… მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია! ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში, ” – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაწყებულიყო
„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღმის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი, ძირითადად, არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად დატვირთული.
„ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება მაშინვე ამ ადგილის შევსება. არის რამდენიმე სარეზერვო ადგილი, მაგრამ, ძირითადად, პაციენტების მიღება ხდება ბრუნვის ხარჯზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 393 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 59 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 389 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 181, „პისიარ“ ტესტით – 17 208.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,22%, ბოლო 14 დღის – 10,86%, ბოლო შვიდი დღის – 10,98%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 506 040 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 440 370 გამოჯანმრთელდა, 6 649 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 907 665 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 986.
კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 238 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 458 პირი.