18 სექტემბერს 37 წლის ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. შსს–ის ინფორმაციით, კესარიას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული პირი, 26 წლის ბ.ჯ. დაკავებულია, დანაშაული კი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კესარია აბრამიძე გუშინ სასაფლაოზე დაკრძალეს.
კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. იყო ცნობილი სახე, მოდელი, მსახიობი, ინფლუენსერი, ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში. 2018 წელს კესარია აბრამიძემ “მის ტრანს მსოფლიოს” სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.
“ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც”, – ამბობდა კესარია აბრამიძე.