მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დასრულდა – “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ყაველაშვილის განათლების ველი ცარიელია. 1 წლის წინ IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტს საჯარო წერილით მიმართა და დეპუტატის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ითხოვა.
კლდიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, საკანონმდებლო ორგანო უთითებს, რომ დეპუტატს არ წარუდგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, ისინი მათთან არ ინახება.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გამოგიგზავნოთ ეს დოკუმენტები”, — ამბობენ პარლამენტში.
შეგიძლიათ სრულად იხილოთ მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფია:
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო. 1988–1995 წლებში „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი; 1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი; 1995–1997 წლებში „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი; 1997–1999 წლებში „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი; 1999–2002 წლებში „ციურიხი“, ფეხბურთელი; 2002–2003 წლებში „ლუცერნი“, ფეხბურთელი; 2003-2004 წლებში „სიონი“, ფეხბურთელი; 2004–2005 წლებში „არაუ“, ფეხბურთელი; 2004 წელს „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი; 2005–2006 წლებში „გაზელი“, ფეხბურთელი; 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი; 2009 წლიდან FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია; 2009 წლიდან საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი; 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“; 2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.
2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.2022 წლის 28 ივნისს სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია.